ვერცხლის ლიგის გათამაშების ქვედა ჯგუფში, ოდიშელთა თხუთმეტწლამდელებმა დღეს, რუხის ტექნიკურ ცენტრში, მეორე ტურის შეხვედრა გამართეს და მათ, წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლეს. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ოდიშელთა მოგებით 6:3 დასრულდა.
უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძლებმა, საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიგეს და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს – კიდევ უფრო აღნიშვნის ღირსია ოდიშელი ანდრია ვარდანია, რომელმაც ოთხივე გოლი საკუთარ აქტივს მიამატა და მან პოკერი შეასრულა. ანდრია ვარდანია ამ ასაკისთვის შეიძლება ითქვას პატარაა და იგი, ერთი წლით უფროსთანაგუნდელებთან ასპარეზობს.
მეორე ნახევარში, მეხუთე გოლი გიგა ნაყოფიამ გაიტანა, ხოლო მეექვსედ მეტოქის კარი გიორგი ქარაიამ აიღო. იმერლებმა მეორე ტაიმში, სამი გოლის გატანა შესძლეს.
მესამე ტურის შეხვედრას, ოდიშელთა თხუთმეტწლამდელები 18 ოქტომბერს გასვლაზე, თენგიზ სულაქველიძის აკადემიის გუნდის წინაღმდეგ გამართავენ.